„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, ირანის რეჟიმის დამხობა ფართომასშტაბიანმა სამხედრო კამპანიამ გამოიწვიოს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, ირანის რეჟიმის დამხობა ფართომასშტაბიანმა სამხედრო კამპანიამ გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ანგარიში აღნიშნულია, რომ ირანის ოპოზიცია, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს ხელისუფლების ხელში აღებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მოკლევადიანი ან ხანგრძლივი იქნება.
მედიის ცნობით, დოკუმენტი მომზადდა დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ვიდრე 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
დოკუმენტში განხილულია ორი სცენარი: შეზღუდული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად მხოლოდ ირანის ლიდერებს ისახავს და უფრო ფართო შეტევა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებსაც მოიცავს. ორივე შემთხვევაში დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანის სამხედრო და სასულიერო ელიტა შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში რეჟიმი საკუთარი თავის გადასარჩენად პროტოკოლის თანახმად იმოქმედებდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოპოზიცია კონტროლს მოიპოვებდა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ექსპერტების შეფასებით, ირანის ხელისუფლების სტრუქტურები ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და საკმაოდ მყარია.