ვაშა-ფშაველას გამზირზე მკვლელობისთვის ბრალდებული პირი სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა
ვაშა-ფშაველას გამზირზე მკვლელობისთვის ბრალდებული პირი სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის არაპირდაპირ განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, სოსო გაბრიაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

„ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა იყო სასამართლოში. განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საკითხები. სასამართლომ, ერთის მხრივ, პატიმრობაში დატოვა, მეორეს მხრივ, გადააყენა თანამდებობიდან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გასროლას აღიარებს, ველოდებით ექსპერტიზების დასკვნებს, თუმცა წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება. თავადაც განაცხადა, რომ მე ადამიანის მოკვლის განზრახვა არ მქონდაო“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ცოტნე წერეთელმა.

არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.

იოსებ გაბრიაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.  სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 19 აპრილს, ს.გ. იმყოფებოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.