ვაშა-ფშაველას გამზირზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
ვაშა-ფშაველას გამზირზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატი ნუგზარ წერეთელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოსო გაბრიაძე 19 აპრილს ღამის საათებში იარაღიდან სროლას აღიარებს. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გაბრიაძემ არ იცოდა, მის ნასროლ ტყვიას 50 წლის ქალის სიცოცხლე თუ ემსხვერპლა.

ადვოკატის ინფორმაციით, სოსო გაბრიაძე მომხდარს ინანიებს, თუმცა თავის მხრივ უფლებადამცველი აცხადებს, რომ ჯერ ექსპერტიზით არ არის დამტკიცებული, თუ რომელი იარაღის ტყვიას ემსხვერპლა გარდაცვლილი ქალი.

„ადამიანი ძალიან შეწუხებულია. განიცდის მომხდარს. ეს მოხდა გაუფრთხილებლობით და მას არ ჰქონია არანაირი განზრახვა. ის აღიარებს, რომ ნამდვილად ისროდა საღამოს საათებში იარაღიდან, თუმცა საბოლოოდ ეს ექსპერტიზამ უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ჯერ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა ადვოკატმა, ნუგზარ წერეთელმა.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს. შემთხვევა 19 აპრილს დაახლოებით 21 საათზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩის 26 ნომრიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა უმისამართოდ ისროლა. ტყვიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფი 50 წლის ქალი იმსხვერპლა.