ვარსკვლავთშორის სივრცეში შაქრის მოლეკულები აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, ვარსკვლავთშორის სივრცეში შაქრის მოლეკულები დააფიქსირეს. აღმოჩენა კიდევ უფრო აძლიერებს იდეას, რომ ადრეული სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება სარგებელს ნახულობდა კოსმოსიდან მოსული შაქრის კომპლექსური მოლეკულებით.
შაქრები წარმოიქმნება ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის ატომებს შორის ქიმიური ბმებიდან. გარდა იმისა, რომ ენერგიის წყაროს როლს ასრულებს, გარკვეული შაქრები რნმ-ისა და დნმ-ის ფუნდამენტური საშენი მასალებია — გენეტიკური მასალის, რომელიც ყოველ ცოცხალ უჯრედში გვხვდება. თუმცა, დიდხანს არსებობდა ქათმისა და კვერცხის პრობლემა — ცოცხალი ორგანიზმები შაქარს ფერმენტებით აწარმოებენ, მაგრამ სიცოცხლემდელი დედამიწის პირობების გამეორების ექსპერიმენტებში შედარებით ცოტა შაქარი მიიღეს.
ბოლო პერიოდში შაქრის აღმოჩენა მეტეორიტებისა და ასტეროიდების ნიმუშებში მიუთითებს, რომ ახალგაზრდა დედამიწაზე ისინი სწორედ ასეთმა სხეულებმა შეიძლება მოიტანა. მადრიდის ასტრობიოლოგიის ცენტრის მკვლევარ ისაკსუნ ხიმენეს-სერას და მის კოლეგებს აინტერესებდათ, წარმოდგენილი იყო თუ არა შაქარი თავად ვარსკვლავთშორის სივრცეში.
ამის გასარკვევად, მათ რადიოტელესკოპები მიმართეს G+0.693−0.027-ისკენ — დიდი მოლეკულური ღრუბლისკენ, რომელიც ჩვენგან 26 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და უკვე ცნობილია, რომ შეიცავს ათეულობით სხვადასხვა ორგანულ მოლეკულას, მათ შორის გლიკოლალდეჰიდს — ნაერთს, რომელიც შაქრის წარმოქმნაშია ჩართული, მაგრამ თავად ნამდვილ შაქრად არ მიიჩნევა.
ამის შემდეგ, ჯგუფმა ღრუბლის რადიოგამოსხივებები შეადარა სპექტრული ანაბეჭდის ლაბორატორიულ გაზომვებს (რადიოსხიშირეთა განსხვავებულ მახასიათებლებს, რომლებსაც მოლეკულები შთანთქავენ და გამოყოფენ) — მარტივი შაქრებისთვის, გლიცერალდეჰიდისა და დიჰიდროქსიაცეტონისთვის.
როდესაც ამ სამნახშირბადიანი შაქრების შედეგები ცარიელი აღმოჩნდა, ხიმენეს-სერა ამბობს, რომ გადაწყვიტა, შეემოწმებინა უფრო კომოპლექსურ ოთხნახშირბადიან შაქარზე, ერითრულოზაზე — ერთ-ერთი ის შაქარი, რომელიც ჟოლოში გვხვდება. მისდა გასაკვირად, ჯგუფმა ამ მოლეკულის წარმოუდგენლად მდიდარი მარაგი აღმოაჩინა.
„როცა სიგნალს შევხედე, ვერ დავიჯერე, თანაც, იქ ძალიან დიდი ოდენობით შაქარი იყო“, — ამბობს ხიმენეს-სერა.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ერითრულოზა შეიძლება თავად მზის სისტემაზე ადრე წარმოიქმნა, შემდეგ, ფორმირებისას ჩაიჭედა ასტეროიდებსა და კომეტებში და საბოლოოდ ახალგაზრდა დედამიწაზე მოხვდა გვიანდელი მძიმე ბომბარდირების პერიოდში, დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ. ამ პროცესში, ახალგაზრდა დედამიწაზე შეიძლება ასე მოხვდა დაახლოებით 500 000 – 50 მილიონი ტონა ერითრულოზა.
„არსებითად, ეს მოლეკულური ღრუბლები ვარსკვლავებისა და პლანეტების დაბადების ადგილებია. ვიგებთ, რომ სიცოცხლის აღმოცენებისთვის გადამწყვეტი ეს კომპლექსური ორგანული ნაერთები შეიძლება პლანეტური სისტემის ფორმაციის ძალიან ადრეულ ეტაპზე წარმოიქმნას“, — ამბობს ხიმენეს-სერა.
ისეთი ქიმია, რომელსაც დედამიწაზე ბუნებრივად ვერსად ვნახავთ, -250°C-ზე, ყინულოვან მარცვლებში გამომწყვდეული და თანაც ძლიერი რადიაციის ქვეშ — შეიძლება წარმოქმნის იმ მოლეკულურ საშენ მასალებს, რომლებიც საბოლოოდ სიცოცხლის აღმოცენებას განაპირობებს.
„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიოქიმიისთვის საჭირო ინგრედიენტები სავარაუდოდ მთელ გალაქტიკაშია მიმოფანტული“, — ამბობს მკვლევარი ნუილს ლაითერინკი.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.