ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა
ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა

ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა და სენატის მარშალმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუხჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„სესიაზე განხილვის მთავარ თემას ქართულ-პოლონური ურთიერთობები – საერთო ისტორია და გამოცდილება წარმოადგენდა. ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, მარია კოცმა და გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვეს ახლად ჩამოყალიბებული ასამბლეის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერების მიმართულებით.

სესიაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სესიის მეორე სამუშაო დღე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმობა“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი – გიორგი ვოლსკი, დელეგაციის წევრები: გელა სამხარაული, ნინო გოგუაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ლომია და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფიო ქაცარავა.