ვარშავა-თბილისის რეისით დღეს საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება
ვარშავა-თბილისის რეისით დღეს საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ვარშავა-თბილისის რეისით დღეს ქვეყანაში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თებერვლის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით 30-ზე მეტი რეისი განხორციელდა და სხვადასხვა გზით რვა ათასამდე მოქალაქის დაბრუნება მოხერხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, უახლოესი რეისები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისთვის განხორციელდება: 28 აპრილს კოპენჰაგენი-თბილისი, 30 აპრილს – მადრიდი-თბილისი; 1 მაისს -ვენა თბილისი, 2 მაისს – პრაღა-თბილისი; 5 მაისს – ათენი-თბილისი; 7 მაისს – ამსტერდამი-თბილისი და 9 მაისს – ბერლინი-თბილისი.

„სახელმწიფო აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს. გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების დაგეგმვა და შესრულება სხვადასხვა ქალაქიდან. დღეს სრულდება ავიარეისი ვარშავიდან, რომლითაც საქართველოში დაბრუნდება ჩვენი 180 მოქალაქე. რეისით ისარგებლებენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები, ორსული ქალები, სტუდენტები. ეს გახლავთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რიგით მეექვსე რეისი ვარშავიდან, რომელსაც ამჯერად ასრულებს ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“. წინა ხუთი ფრენა განახორციელა პოლონურმა კომპანია „ლოტმა“ და მთლიანობაში პოლონეთიდან საქართველოში უკვე 600 მოქალაქე დაბრუნდა პირდაპირი რეისების მეშვეობით, აგრეთვე მოძიებული იქნა ალტერნატიული მარშრუტები და ხუთასზე მეტი მოქალაქე მინსკის და ერევნის გავლით დაბრუნდა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

როგორც საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული რეისით საქართველოდან 23 მეზღვაური გაემგზავრება.

„იცით, რომ ავიარეისები უკვე განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებიდან. იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ჰოლანდია, ასევე ჩინეთიდან, კატარიდან, ირანიდან, ისრაელიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ ყველა ის რეგიონი, სადაც არის საჭიროება. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული რისი ერაყიდან, სადაც აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინაციით მოხერხდა გარდაცვლილის გადმოსვენება და საქართველოს 60 მოქალაქე დაბრუნდა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ფრენა განხორციელდა იმ ქვეყნიდან, სადაც უშუალოდ ჩვენ არ გვაქვს საკონსულო და საელჩო. აქტიურად ვიყენებთ ასევე ალტერნატიულ მარშრუტებს და მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ სხვადასხვა დერეფნით. სულ ბოლო ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს რვა ათასამდე მოქალაქე.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ფრენები ძირითადად ევროპის ქალაქებიდან. ხვალ შედგება რეისი კოპენჰაგენი-თბილისი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა. ნიშანდობლივია ის, რომ ამ რეისით საქართველოდან 23 მეზღვაური გაემგზავრება, ისინი დასაქმდებიან თავისი პროფილით და დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.