ვარშავა-თბილისის რეისით დღეს პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
ვარშავა-თბილისის რეისით დღეს პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, დღეს სრულდება ვარშავა-თბილისის რეისი, რომელიც, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის შემდეგ, რიგით მეხუთეა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფრენები ხორციელდება ქართული და პოლონური მხარის თანამშრომლობით და წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პანდემიის გამოცხადების შემდგომ, აღნიშნული რეისებით ისარგებლა და პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 600-მდე მოქალაქე.

პოლონეთში კვლავ რჩება მოქალაქეების ნაწილი, ვინც ვერ მოახერხა სამშობლოში გამომგზავრება და მათთან საქართველოს საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომუნიკაციას.

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატიურად ათენებს ვარშავის აეროპორტში. საელჩოში შემოსული ყველა შეტყობინება მსგავსი შემთხვევების შესახებ არ დარჩენილა რეაგირების გარეშე და ყველა მათგანი გადაყვანილია საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში.

ამ ეტაპზე, საელჩომ თავშესაფრით უზრუნველყო 300-მდე მოქალაქე და აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა მათი ყველა ყოფითი პრობლემა, სამშობლოში გამომგზავრებამდე, დროულად გადაიჭრას.

პოლონეთის ავიახაზები ფრენებს ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ამ ფრენების ყველა პარამეტრი და კონფიგურაცია განსაზღვრულია პოლონური მხარის მიერ.

სამწუხაროდ, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის არამართლზომიერი ქმედება აზიანებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამშობლოში მათ დაბრუნებაზე.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს დაემორჩილონ პოლონეთის კანონმდებლობას და გამკაცრებულ საკარანტინო რეჟიმს, შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი რეისების განხორციელებაზე.