ვარლამ ლიპარტელიანი - როდესაც დავით ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, სპორტსმენებთან განაცხადა, რომ თუ მისი წინააღმდეგი ერთი სპორტსმენი მაინც იქნებოდა, ფედერაციას დატოვებდა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს
ვარლამ ლიპარტელიანი - როდესაც დავით ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, სპორტსმენებთან განაცხადა, რომ თუ მისი წინააღმდეგი ერთი სპორტსმენი მაინც იქნებოდა, ფედერაციას დატოვებდა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს

დავით, მე უკან არ ვდგავარ, მე სიმართლისთვის ბრძოლაში ვდგავარ წინ, სადაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიდგები, – განაცხადა მსოფლიოს პრიზიორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა და ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს მიმართა, რომელიც მისი თქმით აცხადებს, რომ ამ ყველაფერს ნაკრების კაპიტანი მართავს.

„ჩვენ მას ვთხოვდით, კონკრეტულად დაესახელებინა, ვინ გვმართავდა ჩვენ, რაზეც განაცხადა, ამ ყველაფერს შენ მართავო. ის იძახის, რომ ჩვენ უკან ვიღაც დგას“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილს სამი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს.

„მეორე კითხვა იყო, თუ ვინ არის ჩამოსაწერი და რომელია ის სპორტსმენი, რომელმაც შესაძლებლობები ამოწურა, კარიერა თითქმის დაასრულა და რამე თანამდებობისთვის იბრძვის. ოჯახს ვფიცავ, მე არანაირი თანამდებობა არ მინდა. მე მინდა კარიერის გაგრძელება. მინდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. ჩემი მიზანი ესაა, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებ. ქართველ გულშემატკივართან თავს ვალში ვგრძნობ, რადგან ჩემს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, ბევრს ვუყვარვართ მე და ჩემი ოჯახი და არავის და არაფრის გულისთვის სახელს არ გავისვრი“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ნაკრების კაპიტანმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, სპორტსმენებთან პირდაპირ განაცხადა, რომ უნდოდა, ძიუდოს ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ყოფილიყო და თუ მისი წინააღმდეგი ერთი სპორტსმენი მაინც იქნებოდა, ის ფედერაციას დატოვებდა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს მაშინ, როცა ახალგაზრდული ნაკრების ბევრი წევრი, გოგოების ნაკრების მთლიანი გუნდი და დიდების ნაკრების ყველა წევრი ამ აზრზეა, რომ მან ფედერაცია დატოვოს.

„მესამე სწორედ ეს კითხვა იყო, თუ რატომ არ აკეთებს ამას მაშინ, როცა ფედერაციას ვერ მართავს და მოვალეობებს კარგად ვერ უძღვება, მაგრამ პასუხი არცერთ კითხვაზე არ გამცა. ის ერთპიროვნული მმართველია და მოვალეობებს თავს ვერ ართმევს“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.