ვარლამ ლიპარტელიანი - დავით ქევხიშვილს კიდევ აქვს შანსი, ქართული ძიუდო არ დაღუპოს და პირად ინტერესს არ გადააყოლოს
ვარლამ ლიპარტელიანი - დავით ქევხიშვილს კიდევ აქვს შანსი, ქართული ძიუდო არ დაღუპოს და პირად ინტერესს არ გადააყოლოს

დავით ქევხიშვილს კიდევ აქვს შანსი, ქართული ძიუდო არ დაღუპოს და პირად ინტერესს არ გადააყოლოს, – ამის შესახებ მსოფლიო პრიზიორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა და ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროტესტმა და დაძაბულობამ დღეს უკიდურეს ზომას მიაღწია და დავით ქევხიშვილთან ერთად მუშაობა უკვე გამორიცხულია. სანამ დავით ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, ჩვენ ტატამზე შესვლას არ ვაპირებთ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მისი გადაწყვეტილება მართებული, თუ ბაქოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლაზე უარს განაცხადებს, რადგან გულშემატკივრები ძიუდოისტებისგან ისეთივე მნიშვნელოვან შედეგებს ელოდებიან, როგორსაც წლების განმავლობაში იღებდნენ, ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, რომ ეს ოჯახის თითოეული წევრისთვის და ძიუდოს თითოეული გულშემატკივრისთვის ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ მათ მუშაობის, განვითარების საშუალება არ ეძლევათ და ასე გაგრძელება შეუძლებელია.

„ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია და თუ დავით ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტი იქნება, ჩვენ არც ვარჯიშის გაგრძელებას ვაპირებთ და არც რომელიმე ტურნირში, თუ შეჯიბრში მონაწილეობას“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, კომისია, რომელიც დავით ქევხიშვილის საქმიანობას სწავლობს, ფედერაციის მხარესაა.

„მათ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს და ამას პირდაპირ ამბობენ. იქ არიან ადამიანები, ვინც სპორტის სამსახურებში მუშაობენ. ისინი შიდა სამზარეულოს არ იცნობდნენ და თავიანთი აზრი საქმის გაცნობამდე დააფიქსირეს, რომ დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ უნდა გადამდგარიყო. ამიტომ, ვთვლით, რომ მათი აზრი დავით ქევხიშვილის სასარგებლოდ არის მიკერძოებული და მათ უნდობლობას ვუცხადებთ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

როგორც ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, ოცი დღის განმავლობაში სპორტსმენები ვარჯიშს იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ დავით ქევხიშვილი თანამდებობას იკავებს, სპორტსმენისთვის კი გაცდენილი ერთი დღე რამდენიმე კვირას უდრის.