ვარლამ კილასონია - ქართულ ფეხბურთში მეტი ფინანსების და განათლების გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ვეტერანმა ფეხბურთელელბმა და მოქმედმა მწვრთნელებმა, კახი კაჭარავამ და ვარლამ კილასონიამ ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტალიტეტზე ისაუბრეს.
„ჩვენ დროს ფეხბურთისადმი განსხვავებული მიდგომა იყო. ახლა ყველაფერი ფინანსებზეა გადასული და ახალი თაობა განსხვავებული მენტალიტეტით იზრდება. ამას დრო უდნა, რომ გაიგონ, ეს მათი სამსახურია და ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თორემ არაფერი გამოგივა. ეს ნათლად აქვთ გათვითცნობიერებული. ყველაზე მეტი 10-12 წელი გაქვს, რომ ფეხბურთი ითამაშო და თუ ამ პერიოდში რამეს გააკეთებ, შემდეგ ამით უნდა იცხოვრო. ბატონმა ვოვამ და მისმა თაობამ რაც გააკეთეს, მაგალითია. მაშინ თანხაზეც არ იყო ლაპარაკი, იმხელა დონის ფეხბურთი ითამაშეს, ახალი თაობებისთვის სამაგალითოები და მისაბაძები არიან“, – ამბობს კახი კაჭარავა.
ვარლამ კილასონია: „მოდი ასე ვთქვათ, ბევრი არაპროფესიონალებიც არიან. პროფესიონალიზმი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ასევე თამაშიდან თამაშამდე მზადებაა. მათ მინდა ვურჩიო, იყვნენ თვითკრიტიკულები, საკუთარ თავში ეძებონ შეცდომები. ჟურნალისტებისგან კარგად დაწერილი სტატია რომ სიამოვნებთ, კრიტიკაც უნდა მიიღონ. არავინ არავის მტერი არაა. ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი მინდა მოვიყვანო. რომ ამბობენ, არ წავიდა და ამის გამო ვერ განეწყოო. მაინც უნდა განეწყო. დღეს თუ ვერ წავიდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მაგრად ითამაშებს და ხვალ წავა“.
მათ საკლუბო დონის გაზრდის გზებზეც ილაპარაკეს. კაჭარავას თქმით, საჭიროა მაგალითები.
„ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა ფეხბურთია. ყენია ნიჭიერი ბიჭი იყო, რომლის არასწორმა განვითარებამ ბოლოს იჩინა თავი. მაგრამ ჩავიდა გერმანიაში და ტრავმების გამო კარიერის შეჩერება მოუხდა. ეს კომპლექსური პრობლემაა. ეს რუსებმა ვერ დაალაგეს, სადაც ბევრად დიდი ფულია“.
ვარლამ კილასონია: „პრობლემები კომპლექსურია. ჯერ მეტი ფინანსებია საჭირო, რომლის გარეშეც წინსვლა წარმოუდგენელია. მეორე – განათლებაა. კლუბის პერსონალის განათლებას ვგულისხმობ, რომ გუნდში კარგად მომზადებული კადრები იყვნენ, რადგან საბოლოოდ შედეგი გამართულ გუნდურ მუშაობას მოაქვს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე „შერიფი“, „ყარაბახი“ და „ასტანა“ გავიდნენ, ქართულმა გუნდმა რატომ ვერ უნდა შეძლოს? ბათუმის „დინამო“ ამიტომ მომწონს, რომ გეგმაზომიერად მიდის ჩემპიონობამდე და თუ ასე გააგრძელებს, ჩვენთვის სანატრელი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება“.