ვარლამ კილასონია - შთაბეჭდილება მრჩება, სანიოლი ფეხბურთელებმა მიიღეს და მასთან გახსნილები არიან #1TVSPORT
ვარლამ კილასონია - შთაბეჭდილება მრჩება, სანიოლი ფეხბურთელებმა მიიღეს და მასთან გახსნილები არიან #1TVSPORT

„ჩვენი ნაკრები ნოემბერში ჩატარებულ წარმატებულ სერიალს ახალ ციკლშიც თუ გააგრძელებს, მერე წარმატება აუცილებლად გვექნება“, – ეს ვეტერანმა მოთამაშემ და მოქმედმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ განაცხადა.

„ადრეც იყო, როდესაც ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს კარგავდა, მაშინ უფრო თამაშობდა. არ მინდა, ვინმემ კრიტიკოსად ჩამთვალოს, ამას ვიძახი როგორც სპეციალისტი და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი – ახალი შესარჩევი ციკლი რომ დაიწყება, ყველანაირი შანსი პირველ სამ ტურში კი არ უნდა დავკარგოთ. თავიდანვე უნდა გამოჩნდეს, რომ ნაკრებს აქვს ამბიცია და ამოცანა, რომ ბოლო ტურამდე იბრძოლოს და ინტრიგა შეინარჩუნოს. ამას თუ მოვახერხებთ, მერე წარმატებაც იქნება“, – თქვა ვარლამ კილასონიამ.

მან „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ნაკრების ფრანგი მწვრთნელის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

სანიოლი ერთი და იგივე ხალხზე ჩაციკლული არაა, ვინც თავს გამოიჩენს, საქართველოს ჩემპიონატში თუ ევროპაში, ყველასთვის კარი ღიაა. ეს უკვე პლუსია და თავისი სიძლიერე შეუძლია ნაკრებში დაამტკიცოს. ამას გარდა, რატომ უნდა შეზღუდო მოთამაშე, თუ შეტევაში ინდივიდუალური თამაში შეუძლია? მე ამის ნდობასაც ვხედავ. იგივე კვარაცხელია, დავითაშვილი და კიტეიშვილი შეზღუდულები არ არიან. ამას გარდა, რატომღაც მგონია, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო უნდა იყოს – ფეხბურთელებთან დამოკიდებულებას და ურთიერთობას, პატივისცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვრთნელობა არაა მხოლოდ სიმკაცრე და დისტანციის დაჭერა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სანიოლი ფეხბურთელებმა სხვებთან შედარებით უფრო მიიღეს და მასთან უფრო გახსნილები არიან. ამ სილაღემ და თავისუფლებამ თავისთავად შედეგი უნდა მოგვიტანოს“.

რა აქვს სანიოლის მინუსი? კილასონაიმ ამაზეც ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, შემოდგომის წაგებული თამაშები იყო მინუსი და გულშემატკივარსაც გული აუცრუვდა და ბევრი ფიქრობდა, მარტის თამაშებში ნაჩვენები თამაშები მოჩვენებითი ხომ არ იყო? მაგრამ ოქტომბრის თვემ დაგვანახა, რომ ადამიანი ძიებაშია. როდესაც გასვლის შანსი არ გაქვს, იმ ექსპერიმენტებსაც გავამართლებ, თუ ხვალინდელი წარმატებისთვის ეს საჭირო იყო“.