გოჩა გოგრიჭიანი - ხვიჩა აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც თავად უნდა და რაც ჩვენ გაგვიხარდება #1TVSPORT
გოჩა გოგრიჭიანი - ხვიჩა აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც თავად უნდა და რაც ჩვენ გაგვიხარდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილიმა თავდამსხმელმა გოჩა გოგრიჭიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“  ჩართვისას განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელების ნაწილი გუნდის არჩევანში ცდება და რომ სჯობია, ყურადღება სათამაშო პრაქტიკაზე გააკეთონ და არა გუნდის სახელზე.

„ზოგიერთს ჰგონია, რომ უკეთესია ძლიერ გუნდში იყოს და სკამზე იჯდეს. მე კი მგონია, ჯობია, საშუალო დონის გუნდში იყოს და ორი ტაიმი ითამაშოს. ასე ჯობია თავად ფეხბურთელისთვის და ჩვენი ნაკრებისთვის. ამით მისი კლასიც გაიზრდება და ნაკრებიც მოიგებს. გამოიჩინოს თავი ასეთ გუნდში, მომაგრდეს, სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და მერე ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა გოჩა გოგრიჭიანმა.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, რუსულ კლუბებში ქართველი ფეხბურთელების წასვლაში ტრაგიკული არაფერია და ამის მაგალითად ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა დაასახელა.

„მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დავითაშვილი და კვარაცხელია აქ თამაშობენ და ამაში ცუდი არაფერია. ორივე კლასით გაიზარდა, ცდილობენ, ნაკრებს ყველანაირად გამოადგნენ, გააქვთ და გამოირჩევიან. მთავარია ითამამაშონ“.

მისი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში ითამაშებს.

„მოხარული ვიქნებოდი, რომ სხვა ქვეყანაში აღმოჩდნეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოუშვას. ძალიან ბევრი ითქვა, რომ რადგან დარჩა, დაიბოღმა და იმ ფეხბურთს აღარ თამაშობს, თავი უკვე „იუვენტუსში“ და „რეალში“ ჰგონია. ეს არასწორი შეფასება მგონია. ხვიჩა იმდენად  მიზანმიმართულია, აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც თავად უნდა და რაც ჩვენ გაგვიხარდება. ხვიჩა ამ დონეზე არ გაჩერდება. გუნდის ლიდერია, თამაში დაიჭირა და გრძნობს და მგონი, უფრო მოუმატებს, ვიდრე დაუკლებს“.

გოჩა გოგრიჭიანი 90-იანი წლების საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იყო, მისი ფორმით ჩაატარა 9 მატჩი და გაიტანა 2 გოლი, მათ შორის ერთი – 1994 წლის ნოემბერში უელსთან მოგებულ მატჩში (5:0). უთამაშია თბილისისა და სოხუმის „დინამოში“, სოხუმის „ცხუმში“, ლანჩხუთის „გურიაში“, სოჭის „ჟემჩუჟინაში“, კვიპროსის „ომინიასა“ და სხვა არაერთ კლუბში.

დატოვე კომენტარი