კახა კაჭარავა - ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს პოტენციალი აქვთ #1TVSPORT
კახა კაჭარავა - ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს პოტენციალი აქვთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ სტუმარმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა და მოქმედმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ 2021 წელს საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაჯამა.

„როდესაც მაქსიმალურად დაიხარჯები, კონცენტრირებული იქნები და თავს არ დაზოგავ, იქ უკვე შედეგს მიაღწევ. ჩვენ შვედეთის ნაკრებთან პირველი შეხვედრა ცუდად არ გვითამაშია. თავდაჯერება რომ ჰქონოდათ, მოგებაც შეიძლებოდა. თბილისშიც ესპანეთთან ცუდ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ზოგიერთი ფეხბურთელი ფორმაში არ იყო, ზოგიერთი ტრავმირებული გახლდათ. წლის ბოლო სამ თამაშში ნაპერწკალი გამოჩნდა. ეს დიდი წარმატების მისაღწევად საკმარისი არაა. მაგრამ ვფიქრობ, ალბათ, გუნდი სწორი გზით მიდის, რისი შედეგიცაა ბოლო სამი მოგება. შვედეთი კი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და შანსი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს“, – ამბობს კახა კაჭარავა.

მისი აზრით, საქართველოს ნაკრებში საინტერესო თაობა წამოვიდა და რომ მოთამაშეებს პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ.

„ჩემი აზრით, ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს პოტენციალი აქვთ. როდესაც ნაკრები მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით შეიკრიბება, პოტენციალი აქვს. იძახდნენ, ზოგი მოდის და ნაკრებში მონდომებით არ თამაშობსო. შეიძლება თამაში არ გამოგივიდეს, მაგრამ ეს გამორიცხულია. ბოლო შეხვედრებში კი გამოჩნდა, რომ პასუხისმგებლობის მქონე ბიჭები არიან“.

კახა კაჭარავამ მაყურებლის როლსაც ხაზი გაუსვა.

„თამაშზე გულშემატკივრის დასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელს თამაშის ხალისი უჩნდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის პანდემიას ხელი რომ არ შეეშალა, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდით“.

მან ნაკრებში ატმოსფეროს შეცვლაში ვილი სანიოლის როლი დადებითად შეაფასა.

სანიოლის და მთელი სამწვრთნელო სტაფის დამსახურებაა, ვითარება რომ გამოსწორდა. დააკვირდით ფეხბურთელებთან მის საუბარს და ურთიერთობას – ფეხბურთელებს თავისუფლებას აძლევს, უფრო შემტევი მოთამაშეები მოსწონს და არ ჰყავს ისეთები, რომლებიც მოგერიებაზე არიან. დღეს კი ფეხბურთი შემოქმედება და ბურთის კონტროლია. ეგაა, შეტევაში მეტი სითამამეა საჭირო. მაგრამ ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ ნაკრებს თამაში შეუძლია. სანიოლს დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები. რაც თვალნათლივ ჩანს, ნაკრებმა უფრო გუნდური ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. რაც ვიცი, თავისუფალი პიროვნებაა და მოთამაშეებს აგრძნობინებს, რომ მათი იმედი აქვს. ეს მწვრთნელის დიდი პლუსია, რომ ფეხბურთელებს არ აბრალებს. ამბობს ღიად, გასაუმჯობესებელი რა არის. მთავარი კი მაინც ნაკრებში არსებული ატმოსფეროა, რაზეც სულ კარგი მესმის. ეს ყველაზე დიდი პლუსია“.