ვარლამ გოლეთიანი - შევძლებთ, რომ გავათენოთ, პიკეტირებული გვქონდეს მოედანი, ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს, ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს
ვარლამ გოლეთიანი - შევძლებთ, რომ გავათენოთ, პიკეტირებული გვქონდეს მოედანი, ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს, ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს

ჩვენ შევძლებთ, დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, პიკეტირებული გვქონდეს მოედანი, უბრალოდ, გავხდეთ უპრეცედენტო პროცესის მონაწილე, ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს და ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს, – ასე მიმართა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა.

„თუ იქნება თქვენი ნება-სურვილი, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას და გავათენოთ დღევანდელი ღამე აქ. ჩვენ უკვე შევძლებთ ხვალინდელ დღეს, გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა ადამიანების გამოსვლა, ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ის ყველა მიღწევა, რომელიც სახეზე გვაქვს ამ მოედანზე. ბევრი ბერკეტი გვაქვს, რითაც ვიმოქმედებთ მათზე, შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ. ჩვენი სიმრავლით ვუთხრათ ხელისუფლებას – იყავი ჩვენი მსახური. თუ შენ არ მოემსახურები ქართველ ხალხს, ჩვენი, როგორც ერის, სულისკვეთება, გაგტეხს წელში. ჩვენ უნდა შევძლოთ პრობლემების წინაშე მშვიდობიანად, სარწმუნოებრივად, ყველა იმ ღირებულებებით ომი, რომელმაც შეგვინარჩუნა, როგორც ერისა და ქართველი ხალხის სახე. უმნიშვნელოვანესია, რა ვექტორზე ვივლით ჩვენ. ძალადობა არასოდეს არის გამართლებული, ვერასდროს იქნება შეწყნარებული ვერავის მხრიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ უნდა ვცეთ პატივი ჩვენ გვერდით მდგარს, ერთმანეთს. მხოლოდ ეს მოგვიტანს ერთობას, სიყვარულს, მშვიდობას. ეს მოგვცემს სულისკვეთებას, გაგვიღვივებს ბრძოლის უნარს, ეს მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენ შევძლებთ დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, პიკეტირებული გვქონდეს მოედანი და უბრალოდ, გავხდეთ უპრეცედენტო პროცესის მონაწილე. ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს და ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.