ვარლამ გოლეთიანი - რკინის ჯებირს ხელის დარტყმით ადამიანი ვერ დააზიანებს, შსს-მ აბსურდული ბრალდება მოიგონა
ვარლამ გოლეთიანი - რკინის ჯებირს ხელის დარტყმით ადამიანი ვერ დააზიანებს, შსს-მ აბსურდული ბრალდება მოიგონა

ჩვენს თანამებრძოლებს ხელები აქვთ დაზიანებული, შეგიძლიათ ნახოთ. ქვას არ ურტყამდა არავინ, ეს პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ხელებზე. ხმაური აუცილებლად გაგრძელდება ჯებირზე. ასე გამოეხმაურა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი შსს-ს მიერ, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

„მთელი ღამე გრძელდებოდა ბრახუნი და მართლა მიადგა ადამიანებს დაზიანებები ხელებზე. რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ წინააღმდეგობას გაუძლოს. მისი ფუნქცია ხომ ეს არის. ხელის დარტყმით მას ადამიანი ვერ დააზიანებს. აწუხებთ ხმაური, სინამდვილეში ეს არის მიზეზი. ეს ხმაური აუცილებლად გაგრძელდება ჯებირზე. მოიგონეს ეს აბსურდული ბრალდება. ვიღაც ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომელმაც რკინის დარტყმით გადაღუნა ხუთმილიმეტრიანი ლითონი, დააკავებენ და ამით დაგვაშინებენ?! ეს ხომ აბსოლუტურად ნათელია რატომაც ხდება. რაც უნდათ ის აღძრან, ეს არ არის კანონდარღვევა. ერთადერთი შემთხვევა იყო დროშის ჯოხს, ურტყამდა და ჩვენ გავაჩერეთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.