ვარლამ გოლეთიანი - დღესასწაულების გათვალისწინებით, შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით, რომ გადაივლის ეს მნიშვნელოვანი დღეები, ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება პროტესტი
ვარლამ გოლეთიანი - დღესასწაულების გათვალისწინებით, შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით, რომ გადაივლის ეს მნიშვნელოვანი დღეები, ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება პროტესტი

ეს მნიშვნელოვანი დღეები რომ გადაივლის, ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება პროტესტი იმ თვალსაზრისით, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები თავს მოვიყრით, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„სამოქმედო გეგმაში ცვლილებები არ გვაქვს. ძირითადად, მივდუვართ მიზნობრივად 23 რიცვისკენ, რათა იქ უკვე დაგეგმილად შევძლოთ პერმანენტული აქციების გამართვა. მანამდე, რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვრჩებით გუმათში და პროტესტი გრძელდება, თუმცა დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით. ვიქნებით ისევ კარვებში. იცით, რომ ყოველდღიურად გვიერთდებიან ადამიანები და ყველაფერი გაგრძელდება, მაგრამ რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მუხტი დავარდება, ჩვენ განვმარტეთ, რატომ ვაკეთებთ ამას. აბსოლუტურად შეგნებული ნაბიჯია ჩვენგან, რომ არ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი დღეები რაღაც აქციების ორომტრიალმა დაფაროს მნიშვნელობის თვალსაზრისით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ გადაივლის ეს მნიშვნელოვანი დღეები, ამის შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება პროტესტი იმ თვალსაზრისით, რომ მოვიყრით დიდი რაოდენობით ადამიანები თავს და სხვადსხვა ნაბიჯებს გადავდგამთ 23 რიცხვამდე, როგორც იყო მაგალითად დაგეგმილი პიკეტირებები. 23 რიცხვამდე აუცილებლად იქნება სხვადასხვა აქტივობა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების საკითხს, გოლეთიანის თქმით, თუ მათ მიერ დაყენებული პირობები შესრულდება, შესაძლებელია მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა.

„ჯებირები, როგორც ვხედავთ, რჩება და გადაადგილება ჩვენთვის შეზღუდულია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თუ პირობები შესრულდება, რომელი პირობებიც დავაყენეთ, შეგვიძლია, ჩვეულებრივად გადავიდეთ მოლაპარაკებების რეჟიმში. ჩვენი თვითმიზანი არ არის მრავალათასიანი აქციების ჩატარება, უბრალოდ გამოვდივართ ცალსახა საქმის ინტერესებიდან და თუკი ისინი არ წამოვლენ პირობების შესრულებაზე, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დაგეგმილად მივყვებით იმ ნაბიჯებს, რაც მიგვიყვანს 23 რიცხვში დაგეგმილ აქციამდე“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.