ვარლამ გოლეთიანი - დღეს მოვაწყეთ იმიტირებული მსვლელობა დედაქალაქისკენ, გვინდა, რომ თვალსაჩინოება ჰქონდეს ხელისუფლებას, რა შეიძლება მოხდეს 23 მაისს
ვარლამ გოლეთიანი - დღეს მოვაწყეთ იმიტირებული მსვლელობა დედაქალაქისკენ, გვინდა, რომ თვალსაჩინოება ჰქონდეს ხელისუფლებას, რა შეიძლება მოხდეს 23 მაისს

დღეს მოვაწყეთ იმიტირებული მსვლელობა დედაქალაქისკენ, გვინდა, რომ თვალსაჩინოება ჰქონდეს ხელისუფლებას, რა შეიძლება მოხდეს 23 მაისს, როგორ შეიძლება დაიძრას მთელი ქვეყანა დედაქალაქისკენ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ თვალსაჩინოებას უფრო აღიქვამენ ადეკვატურად და გაითვალისწინებენ. ეს არის ჩვენი სურვილი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ გვინდა გადანაცვლება დედაქალაქისკენ და მრავალათასიანი აქციების ჩატარება, თუ მოგვიწევს და მიიყვანენ ისინი ამ პროცესს აქამდე, ბუნებრივია, მივდივართ დინამიურად 23 რიცხვისკენ. მანამდე ასევე იქნება აქციები, დღეს გადავინაცვლებთ გუმათში და იქაც გაგრძელდება ჩვენი პროტესტი, ამიტომ გაცილებით რთული იქნება ხელისუფლებისთვის 23 რიცხვი, ვიდრე არის დღევანდელი დღე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, დიალოგის მიმართულებით გზა ჩახერგილი არ არის, თუ სურვილი იქნება, დიალოგი გაგრძელდება.

„დღეს არც ერთი თანამდებობის პირი არ დაგველაპარაკა, რაც ამ ხალხის შეურაცხყოფაა. ამიტომ კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიიღებენ და ვნახოთ, სად მივა ბოლოს ეს პროცესი“, – განაცხდა გოლეთიანმა.