ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ არ გვქონდა სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო, ჩვენ გვინდა კონკრეტული პრობლემა მოვაგვაროთ, ვაკონტროლოთ არჩეული ხელისუფლება
ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ არ გვქონდა სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო, ჩვენ გვინდა კონკრეტული პრობლემა მოვაგვაროთ, ვაკონტროლოთ არჩეული ხელისუფლება

ხელისუფლებამ, რომელიც არ იქნება ხალხის მოთხოვნების შემსრულებელი, თვითონ გადაწყვიტოს, მოარყიოს თუ არა საკუთარი თავი, ის სისტემა, რაზეც დგას. უფსკურულია მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვერ ვპოულობთ თანხვედრას და ბმას იმ ადამიანებთან, რომლებიც თითქოს ჩვენი პრობლემების ამსახველები უნდა იყვნენ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თუ გადაწყვეტს ხალხის მოთხოვნა არ გაითვალისწინოს, საკუთარ თავზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, რადგან აქცია არ გაჩერდება.

„ჩვენ არ ვცდილობთ, რომ შევქმნათ იგივე მექანიზმი და იმ სისტემაში მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც არ აქვს უნარი მოგვიგვაროს ეს პრობლემა. ამიტომ, უნდა გახდეს ესეც მსჯელობის საგანი, თუ გადაწყვეტს ხელისუფლება, რომ არ გაითვალისწინოს ამდენი ადამიანის აზრი, არ იყოს ეროვნული ინტერესების მატარებელი, თუ ის საბოლოოდ გაჯიუტდება ამ პროცესში, მაშინ თვითონ გადაწყვიტოს, რა გზას დაადგეს, რადგან ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით. ეს იქნება იმდენად კანონზომიერი შერყევა, თუნდაც პოლიტიკურად, ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მათზე გადაინაცვლებს. ჩვენ არ გვქონდა სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო. ჩვენ გვინდა კონკრეტული, ესა თუ ის პრობლემა მოვაგვაროთ და როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ ვაკონტროლოთ არჩეული ხელისუფლება. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.