ვარლამ გოლეთიანი - ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა, ვინაიდან ხელისუფლებამ ჩაშალა ეს შესაძლებლობა, მოგვიწია ქუჩის აქციების გზით წასვლა
ვარლამ გოლეთიანი - ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა, ვინაიდან ხელისუფლებამ ჩაშალა ეს შესაძლებლობა, მოგვიწია ქუჩის აქციების გზით წასვლა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დიალოგზე მუდმივად მზად არიან და ხელისუფლებას მოუწოდეს, საკომუნკაციოდ ჯანსაღი გარემო შექმნილიყო.

თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ დიალოგის შესაძლებლობა ჩაშალა.

ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ქუჩის აქციების გარდა, არ დარჩათ სხვა ბერკეტი, აიძულონ ხელისუფლება, კომუნიკაციაზე წავიდეს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ დაწყების დღიდან პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიალოგთან დაკავშირებით იგივეს ვამბობთ. მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ დიალოგზე და მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ჯანსაღი გარემო შეგვექმნა საკომუნიკაციოდ. ბოლოს, როდესაც მოვითხოვეთ, რომ რკინის ბარიკადები აეღოთ, შეჩერებულიყო სამუშაო პროცესი და შემდეგ გაგვეგრძელებინა დიალოგი, ეს შესაძლებლობაც ჩაშალა ხელისუფლებამ.

შეიძლება, გარედან სხვანაირად ჩანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ხდება. შეფასებით ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ. ყველა სხვადასხვაგვარად ადევნებს პროცესებს თვალს და შეფასებაც სხვადასხვაა. სუბიექტური ვარ, თუ ობიექტური, ეს არის სხვების განსასაზღვრი. ზოგადად, შეფასებით ნაწილში არ ვმონაწილეობთ. რაც შეეხება ქუჩის აქციებს, რომ არა ქუჩის აქციები, სხვა რა ბერკეტი გვაქვს, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, წამოვიდეს კომუნიკაციაზე. ქუჩის აქციებით ჩვენ ვუზრუნველყავით პროცესი, რომ ვინმეს ჩავეთვალეთ მხარედ. ჩვენ, ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა და იქ დასაბუთება. რადგან ეს შესაძლებლობა ხელისუფლებამ ჩაშალა, ამ გზით წასვლა მოგვიწია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დატოვე კომენტარი