ვარკეთილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა
ვარკეთილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ქუჩას მამა-შვილის სახელი თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.

მის გახსნას ესწრებოდნენ გზირიშვილების ოჯახის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. ამავე ქუჩაზე მდებარე ტაძარში მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გაიმართა.

„ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ამბავი ჩვენი ისტორიის საოცარი ფურცელია. მამამ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის 1993 წელს, აფხაზეთში სოფელ ტამიშთან თავი გაწირა. 15 წლის შემდეგ კი სამაჩაბლოში იგივე გაიმეორა მისმა შვილმა, ვახტანგ გზირიშვილმა. იგივე მტერი, იგივე ოკუპანტი, მტრის იგივე მიზანი – საქართველოს დაპყრობა და დაჩოქება. მეორე მხარეს კი იყო იგივე ნათელი მიზანი – საქართველოს დამოუკიდებლობა, თანამებრძოლებისა და მოქალაქეების დაცვა.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გმირ დედას, ქალბატონ მარინას, რომელიც არის ვახტანგ გზირიშვილის აღმზრდელი და გმირი ქმრის გმირი მეუღლე. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილის და ქმრის სახელი იყოს უკვდავყოფილი. მჯერა, რომ სანამ მათი სახელები უკვდავყოფილია და ჩვენს გულებში ცოცხლობს, საქართველო ყოველთვის ძლიერი იქნება და აუცილებლად შესრულდება ის დიდი მიზანი, რისთვისაც მათ თავი დადეს. მიზანი არის საქართველოს დამოუკიდებელობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა  რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ დღეს, გაიხსნა ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელობის ქუჩა.

„12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდგომ, ჩვენ ისევ გვტკივა დღევანდელი ძალიან ტრაგიკული დღე და სიმბოლურია, რომ დღეს, გავხსენით ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელობის ქუჩა. ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა მაში, როცა მას დაჭრილი მეომრები გამოჰყავდა სამშვიდობოზე. ეს არის ოჯახი, რომელმაც დაკარგა ორი წევრი გმირულად, დაეცნენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის დასაცავად. ზუსტად ასეთ ოჯახებზე დგას ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის სიძლიერე და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მათ სახელებს უკვდავყოფს. მათი სახელები შემოვუნახეთ ჩვენ მომავალ თაობას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ის სოფელ ტამიშში, რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალია, რომელიც სოფელ ტბეთთან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიჭრა და იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამხედროებს სამშვიდობოზე გამოჰყავდათ.

დატოვე კომენტარი