ვარკეთილში ავარიული სადარბაზოს მდგომარეობაზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ევაკუირებული ოჯახები ბინებში სავარაუდოდ უმოკლეს დროში დაბრუნდებიან
ვარკეთილში ავარიული სადარბაზოს მდგომარეობაზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ევაკუირებული ოჯახები ბინებში სავარაუდოდ უმოკლეს დროში დაბრუნდებიან

ვარკეთილში მდებარე 322-ე კორპუსის ავარიული სადარბაზოს მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ევაკუირებული 18 ოჯახი სავარაუდოდ თავიანთ საცხოვრებლებს უმოკლეს დროში დაუბრუნდება, – ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ განაცხადა.

გამგებლის ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობის ევაკუირება ერთ-ერთი სადარბაზოს კიბის უჯრედის ჩამონგრევის საშიშროების გამო მოხდა.

კახა სამხარაძის განცხადებით, კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და უმოკლეს ვადაში დასრულდება.

„არ იყო კორპუსის დანგრევის საშიშროება, იყო მეორე-მესამე სართულის კიბის უჯრედის ჩამონგრევის საშიშროება და იმიტომაც მოხდა მოსახლეობის ევაკუირება. გუშინ ღამითვე მოხდა ამ კიბის უჯრედის გამაგრება. ახლა დამცავი ბარიერიც დაყენებული არის ამ სადარბაზოს გარშემო. დაწყებულია მუშაობა. რამდენი ხანი დასჭირდება, ვერ გეტყვით ზუსტად. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, მოსახლეობა დაბინავებულია უსაფრთხო ადგილზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ განსახლებას“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

ვარკეთილში მდებარე კორპუსთან სამართალდამცველები სამუშაოების დასრულებამდე რჩებიან.