ვარძიაში თამარ მეფის ფრესკის რეაბილიტაცია დასრულდა
ვარძიაში თამარ მეფის ფრესკის რეაბილიტაცია დასრულდა

ვარძიაში თამარ მეფის ფრესკის რეაბილიტაცია დასრულდა.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ. სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, რესტავრირებული ფრესკა ახლა უკეთესია, ვიდრე ხანძრამდე იყო.

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასეთ შედეგს მივიღებდით. როდესაც ვამბობდი, რომ აღდგენილი ფრესკა იმაზე უკეთესი იქნებოდა ვიდრე ხანძრამდე იყო მაკრიტიკებდნენ, ახლა შედეგის ნახვა ყველას შეეძლება.

ეს არის ის შედეგი, რასაც მე ველოდი და სხვები არ ელოდნენ“,- განაცხადა ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვარძიის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები მუშაობდნენ, რომელსაც ნანა ყურაშვილი ხელმძღვანელობს.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მისული და მომავალი წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.