ვარდების მოედანს სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქმევა
ვარდების მოედანს სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქმევა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა კონკრეტულად ამ სახელის არჩევის მიზეზი. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ვარდების რევოლუციის მომენტს ებრძვის საქართველოს ისტორიაში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ისინი ამ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

„ის, რომ მათ იმიტირებული საჯარო განხილვა მოაწყვეს და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, ფაქტია. ის, რომ მათ შიშები და ფობიები აქვთ რევოლუციაზე და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამის დაძლევაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. არ მგონია, დედაქალაქში ეს იყოს ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც აწუხებთ თბილისელებს. მაგალითად, გუშინ 100 ავტობუსის ტენდერი ჩაუვარდა დედაქალაქის მერიას. უკეთესი იქნება, აი, ამაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, ვიდრე იმაზე, რომელ მოედანს რა სახელს უწოდებენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კედლისთცის ცერცვის შეყრას“ უწოდებს დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი. მისი თქმით, ისინი რამდენიმე შეხვედრის დროს ცდილობდნენ, აეხსნათ უმრავლესობის წევრებისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთვის ხელისუფლება უნდა გამოდიოდეს მაკონსოლიდირებელი ინიციატივებით.

„ამის მაგივრად, გამოსვლა ასეთი ინიციატივით, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ ასიათასობით ადამიანს იმიტომ, რომ ვარდების რევოლუციამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ და ბევრი თვალსაზრისით საქართველო წასწია წინ. ისეთი ინიციატივით გამოსვლა, რომელიც საზოგადოებაში ასეთ დისკუსიას იწვევს, არის ძალიან ცუდი რამ და არ უნდა გაეკეთებინათ“, – განაცხადა გაბაშვილმა.