ვაქცინის შემოტანის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია გაიმართა
ვაქცინის შემოტანის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მედიკოსები არიან და პარლამენტთან კარვის გაშლას თავადაც აპირებენ. ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდა „ფეისბუქის“ ჯგუფის, „მედ გიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

„დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენ მხარში ვუდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის. დღეს, როდესაც ჯანდაცვის სისტემა არის სრულად ჩამოშლილი, როდესაც არ გვაქვს ვაქცინა, 111 ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება ვაქცინაცია, 297 მილიონი დოზაა უკვე გაკეთებული, დღეს ჩვენი გმირი ექიმების ვაქცინირებაც და მათი უზრუნველყოფაც ვერ მოვახერხეთ. ამიტომ ვართ აქ, ამიტომ ვითხოვთ იმას, რომ იყოს საქართველოში გამართული ჯანდაცვა, გამართული ზოგადად ქვეყანა და ასევე, გამოვუცხადოთ სოლიდარობა აქ მყოფ ადამიანებს. გავმეორდები, ისინი იბრძვიან ჩვენი და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის. ჩვენი კარვის ფუნქცია იქნება, რომ დაეხმაროს ამ მოქალაქეებს, საჭიროება თუ ექნებათ, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ნებისმიერ მსგავს შემთხევაში, ვიყოთ მათ გვერდით, მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ამასთან, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ კარავს პარლამენტთან უახლოეს დღეებში დადგამენ.

„120 დღის განმავლობაში გვქონდა კარავი ბათუმში, ვაპირებთ კარვის გაშლას უკვე თბილისში. გვაქვს გამოცდილება, როგორ მოვემსახუროთ პაციენტებს. ჩვენი მიზანია, ვაიძულოთ მთავრობა, შემოიტანონ ვაქცინები, დაიწყოს საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია. კარვის გაშლას ამ დღეებში ვაპირებთ და აქ იქნება სრულიად უფასოდ მომსახურება, როგორც ფსიქოლოგის ასევე ექიმების, სპეციალისტების“, – განაცხადა აქციის მონაწილე მზია ქედელიძემ.

დატოვე კომენტარი