ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება
ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუსტერ-დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერით“ ბუსტერ-დოზა. რაც შეეხებათ „ფაიზერით“ ვაქცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება.

აქვე დავაზუსტებ, რომ 60 წლის ზემოთ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, ბუსტერ-დოზის გამოყენება შეუძლიათ არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დაამატა, რომ ბუსტერ-დოზების გამოყენება ქვეყანაში ხვალიდან დაიწყება.

დღემდე მოქმედი წესის თანახმად, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ.