ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დღეიდან დაიწყება
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დღეიდან დაიწყება

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება.

ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული გათამაშებაც, ხოლო წლის ბოლოს 100 000 ლარი გათამაშდება.

ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.

„დღეიდან იწყება „აიცერი და მოიგე“ ლატარია. აღნიშნულ ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი. გათამაშება იქნება ყოველდღიური, ყოველკვირეული და შემაჯამებელი. ყოველდღიურ გათამაშებაში იქნება 100 და 500-ლარიანი პრიზები. რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებას, გათამაშდება 1 000-დან 10 000 ლარამდე თანხა. შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება 2021 წლის 31 დეკემბერს და საპრიზო მოგება შეადგენს 100 000 ლარს. აღნიშნული ლატარიის საპრიზო ფონდი მთლიანად შეადგენს ორი მილიონ 800 ათას ლარს. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი მოქალაქეებიც“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ლატარიის იურისტმა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მოგებების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდან www.stopcov.lotto.ge.

„ასევე, შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეალიზაციო წერტილებს. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებაში ვინც მოიგებს პრიზს, მასთან დაკავშირება მოხდება სატელეფონო გზით და www.stopcov.lotto.ge-დან ინფორმაცია მიეწოდებათ“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ლატარიის შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება პირდაპირ ეთერში. დოლურაში მოთავსდება ყველა მოთამაშის ბილეთი და გათამაშების წამყვანი გამოავლენს ერთ გამარჯვებულს.