ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან
ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან

5 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესში სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ისინი სათადარიგო დოზებს მიიღებენ, რათა ვაქცინაციის პროცესში დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდეს.

„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პროცესში პოლიციისა და ჯარის ჩართულობა და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება, დადგეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.