ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 18 888 მოქალაქე დარეგისტრირდა, უმრავლესობა „ფაიზერს“ ანიჭებს უპირატესობას
ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 18 888 მოქალაქე დარეგისტრირდა, უმრავლესობა „ფაიზერს“ ანიჭებს უპირატესობას

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე, 21:00 საათის მონაცემებით, 18 888 მოქალაქე დარეგისტრირდა.

ვებგვერდის მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმრავლესობა (18 143) „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილს გამოთქვამს, 9 516 მოქალაქისთვის სასურველია „მოდერნას“ ვაქცინით აცრაც. მესამე ადგილზეა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა (4 055 მსურველი), „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრის სურვილს გამოთქვამს 2 747 მოქალაქე, 2 008 მსურველით მეხუთე ადგილზეა „ნოვავაქსის“ ვაქცინა. ამ დროისთვის ყველაზე ნაკლები მსურველი ჰყავს „სინოფარმისა“ (947) და „სინოვაკის“ ვაქცინებს (228).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ შექმნილი პორტალის მიზანია იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. ვებგვერდი დღეს ამოქმედდა. მისი მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება და პირადი ინფორმაციის შეყვანა. ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევაა შესაძლებელი. აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პორტალის ამოქმედების მიზანი ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალის მისამართია: www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome