ვანო ზარდიაშვილი - არასამთავრობოებს სხვადასხვა სახელი ჰქვიათ, მაგრამ აქვთ ერთი ფესვი და ეს არის საია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კამათი იურიდიული კომიტეტის სხდომის შესვენების დროსაც გაგრძელდა.

ერთმანეთს სიტყვიერად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს’’ წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი და მმართველი გუნდის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ.

ოლიკო შერმადინის განმარტებით, ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელმაც მოსამართლეების კანდიდატებზე ინფორმაცია უნდა მოაგროვოს და საბჭოს წარუდგინოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გამო ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება და კითხვის ნიშნები ჩნდება.

„ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობს იმ დეპარტამენტს, რომელიც მოსამართლეების საქმიანობას აფასებს, ვიდრე ისინი დაინიშნებიან. შესაბამისად ისიც მიხეილ ჩინჩალაძის ახლობელია და აქვს ახლო კავშირები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე და იმ დახურული პროცესიდან, რასაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს, ბუნებრივია ჩნდება კითხვები, მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხომ არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული, რადგან ახლობელი ჰყავს ვანო ზარდიაშვილის მეუღლის სახით, იმ დეპარტამენტში, რომელმაც უნდა მოიკვლიოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაცია და საბჭოს წარუდგინოს“, – განაცხადა შერმადინმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის შეფასებით კი მისი მეუღლე მოსამართლეების კანდიდატებზე ინფორმაციას ტექნიკურად ავსებს და შერჩევაში არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს.

„ქალბატონ ოლიკოს რაიმე სახის პრობლემა აქვს ჩემი მეუღლის კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით? თვლის, რომ არაკომპეტენტურია? თქვენ ჩრდილს აყენებთ ჩემს მეუღლეს. ჩემი მეუღლე აფასებს მოსამართლეების კომპეტენტურობას, ტექნიკურად ავსებს ამ დოკუმენტაციას. გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო და არა ჩემი მეუღლე. აი ეს არის ტიპური არასამთავრობოს სახე, როდესაც საჯარო მოხელესთან არ აქვთ არც კეთილსინდისიერების პრობლემა, არც კომპეტენტურობის პრობლემა და ჩვენ ამას საზოგადოებას ნეგატიურად ვაწოდებთ, აი ეს არის ჩვენი არასამთავრობოების სახე“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ამასთან, ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს „შავრაზმელები“ უწოდა, თუმცა აღნიშნული ფრაზის გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

„ეს არის თქვენი რეალობა, თქვენი ჭეშმარიტი სახე. აი, კლანი უნდა წავიდეს. ჰკითხეთ ამ „შავრაზმელებს“, შავი მაისურები რომ აცვიათ, ბოდიში, ცუდად გამომივიდა. ჰკითხეთ, შავი მაისურები ვისაც აცვია, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან, რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-სთან. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან, ან მასთან დაკავშირებულ პირებთან. ეს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანობაში წარმოადგენს ერთ საერთო არასამთავრობოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელი ჰქვიათ, მათ აქვთ ერთი ფესვი და ეს არის საია. მათ აქვთ ერთი იდეოლოგია. პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეებს წარადგენდა მხოლოდ საია-ს რეკომენდაციით და პრეტენზია არავის ჰქონდა. საზოგადოებას განაწყობთ ნეგატიურად“,- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა. მისივე თქმით, არასამთვრობობეს საკუთარი ინტერესი აქვთ, კერძოდ, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის გამწესება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.