ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიაზე - ჩემი გადაწყვეტილება მაგ ქალბატონს არ უკავშირდება, რომ უკავშირდებოდეს, პირიქით, არ წავიდოდი
ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიაზე - ჩემი გადაწყვეტილება მაგ ქალბატონს არ უკავშირდება, რომ უკავშირდებოდეს, პირიქით, არ წავიდოდი

პარლამენტის დატოვება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტიდან მისი წასვლის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს მისი პარლამენტიდან წასვლა არ სურდა.

„პარლამენტის დატოვება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით როგორც პარტიის ხელმძღვანელობას, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია. ეს პოზიცია განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ დგება ხანდახან მომენტი, როდესაც შენ უნდა თქვა თანამდებობაზე უარი, რადგან შენი ოჯახის წევრები, შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან, შესაბამისად, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს მოქალაქეებს, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის იზრუნო და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პირადი კეთილდღეობის საკითხი, შესაბამისად მე საზოგადოების ინტერესიდან ამოვედი და მივიღე ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ჟურნალისტის კ​ითხვაზე, იყო თუ არა ეკა ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი იმის წინაპირობა, რომ მას დაეტოვებინა საკანონმდებლო ორგანო, ვანო ზარდიაშვილი პასუხობს რომ მისი გადაწყვეტილება ბესელიას არ უკავშირდება.

„არც ერთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მაგ ქალბატონს, პირიქით, მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, პირიქით, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილმა თქვა ისიც, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მათ შორის აცნობა პარტიის თავმდჯომარე, ბიძინა ივანიშვილსაც.

„რა თქმა უნდა, მე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ როგორც პარტიის სხვა ხელმძღვანელობას, მასაც ვაცნობე. პარტიაშიც, პარლამენტშიც ერთხმად იყო პოზიცია, რომ თავი შემეკავებინა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კითხვაზე, თუკი მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება ეკა ბესელიას, მაშინ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება დღეს, ვანო ზარდიაშვილი პასუხობს, რომ მუდმივად ხდება მისი სახელის დაკავშირება რაღაც კონკრეტულ საქმეებთან.

„მუდმივად ხდება ჩემი სახელის დაკავშირება რაღაცა კონკრეტულ საქმეებთან, ან კონკრეტულ პროცესებთან. ეს რატომღაც მოხდა ახლა, როდესაც დეპუტატი გავხდი. სამი წელი ვიმუშავე სახელმწიფო აუდიტის პირველ მოადგილედ საკმაოდ წარმატებულად, რატომღაც მაშინ არავის გახსენებია ჩემთან მიმართებაში შავი პიარი, უბრალოდ ახლა, როდესაც მათ მოინდომეს ამ დადებითი პროცესების დისკრედიტაცია, აქ იყენებენ უკვე ჩემს სახელსა და გვარს.”- აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

ზარდიაშვილის თქმით, მანდატის დათმობის მიუხედავად, ის პარტიას არ ტოვებს და აგრძელებს პარტიულ საქმიანობას.

„პარტიას არ ვტოვებ, პირიქით, თუ რამით შემეძლება, ყველანაირად დავუდგები „ქართული ოცნების“ გუნდს გვერდში, რათა მან თავისი დასახული მიზნები ბოლომდე გაიტანოს. სიაში არ ვიქნები, ადრეც განვაცხადე, ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანურობა ხშირ შემთხვევაში ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს, ასევე ღირსება ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ წლების განმავლობაში დაუსაბუთებელი, უფაქტო, ჩემი უარგუმენტო კრიტიკა. არც ერთ ჩვენს ოპონენტს, არც ერთ ჟურნალისტს არაფერი კონკრეტული მტკიცებულება არ გააჩნია ჩემი რაიმე კანონდარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს არის ჩემი ნება“,- აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.