ვანო ზარდიაშვილი - ეკა ბესელიასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა და იმისთვის, რომ მან კითხვებს არ უპასუხოს, ყველაფერს იკადრებს
ვანო ზარდიაშვილი - ეკა ბესელიასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა და იმისთვის, რომ მან კითხვებს არ უპასუხოს, ყველაფერს იკადრებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარი დაპირისპირების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, დეპუტატ ეკა ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ უმსგავსო საქციელისთვის. ჩემდა უნებურად ამ პროცესში ჩათრეული ვიყავი. საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან ვანახოთ მსგავსი პროცესები. რაც შეეხება კონკრეტულად ქალბატონ ეკა ბესელიას, მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მე მხოლოდ ვთქვი, რომ გედი ფოფხაძემ ახსენა ჩემი მორალი. უბრალოდ ვიკითხე, გედი ფოფხაძეს რა აკვირვებდა ჩემს მორალში, როდესაც ეკა ბესელიას მორალი არ აკვირვებს, ამაში რა არის შეურაცხმყოფელი ან მაპროვოცირებელი, ეს ჩემთვის უცნობია. ბესელია მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას და პოლიტიკური ფსკერიდან თავის ამოწევას. მან იკადრა ყველაფერი ის, რაც იკადრა. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც ძალადობა მისი ინსტრუმენტებია ქართულ პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად, შესაბამისად დაველოდები, თუ როგორ განვითარდება პროცესები. მისგან ეს საქციელი ჩემთვის მოულოდნელი არ იყო“,- განაცხადა ზარდიაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს და როგორც ზარდიაშვილი ამბობს, კითხვებზე პასუხისგან თავის არიდების მიზნით ბესელია ყველაფერს იკადრებს.

„ერთადერთი რამით ვარ კმაყოფილი, რომ ქალბატონი ეკა საკმაოდ კარგად ახერხებს მოირგოს სხვადასხვა ნიღაბი და საზოგადოების წინაშე წარდგეს როგორც კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, მაგრამ რეალურად, იგი აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. მასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა და იმისთვის, რომ მან ამ კითხვებს პასუხი არ გასცეს, იკადრებს ყველაფერს“,- განაცხადა ზარდიაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მომხდარის გამო ეთიკის საბჭოში აპირებს თუ არა საჩივრის შეტანას, ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ბესელიასთან მიმართებაში დამოკიდებულებას საზოგადოებას ანდობს.

„ეთიკის საბჭოში საკითხის შეტანა ჩემთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ერთი მარტივი საკითხის გამო, საზოგადოებას დაენახა ქალბატონი ეკას სახე. ჩემი აზრით, მან დღეს კარგად დაანახა თავისი სახე, შესაბამისად, ეკა ბესელიასთან მიმართებაში დამოკიდებულება საზოგადოებისთვის მიმინდვია“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.