ვანო ზარდიაშვილი - ეკა ბესელიას არც კეთილსინდისიერება აქვს და არც კომპეტენცია, შესაბამისად, ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს
ვანო ზარდიაშვილი - ეკა ბესელიას არც კეთილსინდისიერება აქვს და არც კომპეტენცია, შესაბამისად, ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს

მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიას არც კეთილსინდისიერება აქვს და არც კომპეტენცია, შესაბამისად, ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე კანონპროექტი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, მის კონსტიტუციურობას ვენეციის კომისია დაადგენს.

„რაც შეეხება ეკა ბესელიას დამოკიდებულებას სასამართლო კორპუსის და ამ პროცესების მიმართ. აქ ორი მთავარი კრიტერიუმი არსებობს – ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რითიც მოსამართლე და მთლიანად სასამართლო სისტემა უნდა შეფასდეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია. შესაბამისად, ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს. სამართლებრივ რეჟიმზე გადავიდეს, იმ კანონპროექტს მოუსმინოს, რომელიც დავარეგისტრირეთ და სამართლებრივად მსგავს აქცენტებზე იმსჯელოს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლოა, სხვადასხვა სახელი ერქვას, მაგრამ მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების შტო დამოუკიდებლად გამოყოფილია, სასამართლო ხელისუფლება თავად ახდენს ნომინირებას, ასევე თავადვე ამტკიცებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის დაკნინება გამორიცხული მგონია, რადგან ეს კონსტიტუციაშია ასახული, ეს საერთაშორისო პრაქტიკა და ხელისუფლების დაბალანსების პრინციპია. აქედან გამომდინარე, სპეკულაციები, რომ ამ პროცესებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გათიშული უნდა იყოს არასერიოზული მგონია“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო იმ ხალხმა უნდა აკონტროლოს, ვისაც ამის კომპეტენცია აქვს.

„არ გამიგია, რომ ეკა გიგაურს, მენაბდეს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საერთოდ მოსამართლეობის გამოცდაც კი ჩაბარებული ჰქონდეთ. ისინი ვერც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებსა თუ იმ მოთხოვნებს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები შეაფასონ. მათ ამის გამოცდილება არ აქვთ, მათშორის ნაზი ჯანეზაშვილსაც. ვისურვებდი, იმ ხალხმა აკრიტიკოს სასამართლო სისტემა, ვისაც როგორც მინიმუმ ამის გამოცდილება, განათლება და კომპეტენცია ჰყოფნის“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.