ვანო ზარდიაშვილი - ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძესა და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს
ვანო ზარდიაშვილი - ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძესა და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს

ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ. ბარიგებად მოხსენიებული და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად.

„ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძესა და “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს. დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა, დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა, თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.

„თეთრმა  ხმაურმა“ და” ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ”, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობენ ჩართვას, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.