ვანო მაჭავარიანი - მომდევნო წლის ბიუჯეტი 4,3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, განახლებულ ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ
ვანო მაჭავარიანი - მომდევნო წლის ბიუჯეტი 4,3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, განახლებულ ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ

მომდევნო წლის ბიუჯეტი 4,3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, განახლებულ ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა.

„ხუთ პროცენტს ვვარაუდობდით, თუმცა 4,3 პროცენტზე ჩამოვწიეთ. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთ პროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4,3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, რადგან რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, რადგან 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა, აქ შედის როგორც კარანტინის, მკურნალობის, ტესტირების, ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის ხარჯებში. რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი შევა ვაქცინის ხარჯები და ეს ყველაზე ეფექტური ხარჯი იქნება, რაც მოკლე დროში გაგვიწევია. განახლებულ და სავალუტო ფონდთან პარამეტრებით შეთანხმებულ ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ. გვაქვს, პრაქტიკულად, მონახაზი, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას, რომ რაღაც კორექტირება შევიტანოთ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, რომ პროგრამა, რომელიც დაიწყო და გაგრძელდება, ეს არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. კარგი პროგრამაა, დახმარების კარგი პაკეტია. ეს გაგრძელდება. როგორც იცით, ფარავს ოთხ თვეს, სხვა სოციალური და ბიზნესმხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.