ვანო ჩხარტიშვილი - ზურაბ ადეიშვილი მთხოვდა, ზურაბ ნოღაიდელზე მიმეცა ჩვენება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს
ზურაბ ადეიშვილი მთხოვდა, ზურაბ ნოღაიდელზე მიმეცა ჩვენება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა და ისაუბრა, რატომ დატოვა ქვეყანა 2010 წელს.
„2010 წელს მომიწია საქართველოდან წასვლა, წინა ხელისუფლების პერიოდში. ეს იყო მართლაც ჩვენი ოჯახისთვის, ჩემთვის, ჩემი გარემოცვისთვის ურთულესი პერიოდი. საქართველოდან გენერალური პროკურორის კაბინეტიდან პირდაპირ აეროპორტში წავედი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არ იყო მარტივი. ცოტა დეტექტიური სიუჟეტია. წინა დღეს ჩემს ოფისში ტოვებენ ვიდეოკასეტას, რეკავს ადეიშვილის თანაშემწე და მეუბნება, იქნებ ნახოთ ეს კასეტა და საღამოს დაგირეკავთ ადეიშვილი. ვნახულობ ამ კასეტას, კასეტაზე არის საოცარი კადრი. დაჭერილია წინა დღეს ჩემი რიგითი თანამშრომელი და ამ ვიდეოფირზე არის ბუნდოვანი ჩვენება ამ ადამიანის. ეს ჩანაწერი ხდება პირდაპირ იზოლატორიდან, ანუ დაკავებული არის ეს ადამიანი.
ეს არის 2010 წელი, ივნისი. საღამოს უკვე რეკავს ადეიშვილი, ღამის 12:00 საათზე შევდივარ ადეიშვილის კაბინეტში და მეუბნება, რომ უნდა მიმეცა ჩვენება იმ თემაზე, რომელიც საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ამის გარშემო ჩვენ გვინდა რაღაც გაუგებარი ჩვენებაო. რაღაც შეთხზული ისტორია იყო ნოღაიდელის გარშემო. გადაწყვიტეს, რომ დაეკავებინათ. მე ისტორიის მოყოლაც არ მინდოდა მომესმინა, კატეგორიული უარი ვუთხარი ასეთ ჩვენებაზე. ჩვენი საუბარი იყო ძალიან მძიმე, დამთავრდა რთულად. მან მითხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მკაცრად აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს და ა.შ. იძულებული გავხდი, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არ იყო ადვილი გადასაწყვეტი, იყო ძალიან რთული მდგომარეობა ჩემი ოჯახის წევრების გარშემო. 23 დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ აძლევდნენ თბილისის დატოვების საშუალებას ერთი მიზეზის გამო, რომ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა გაცვლა და ა.შ“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ყველა ქონებას, რომელიც ირიცხებოდა ჩხარტიშვილი ჰოლდინგში, ყადაღა დაედო და წაართვეს.