ვანის მუზეუმის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
ვანის მუზეუმის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ახალი ოთხ სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მუზეუმის მშენებლობის პარალელურად უკვე დაიწყო არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები მუზეუმის აღჭურვასთან დაკავშირებით.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი