ვანის #1 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო
ვანის #1 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო

ვანის #1 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უბანზე კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შესვლისთანავე დაიწყო.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დათო ჟღენტის განცხადებით, კომისიის წევრები კენჭისყრის პროცედურას დარღვევით იწყებდნენ. მისი თქმით, საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას.

#1 საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ირმა აბრამიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უბანზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

„მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. დარღვევა რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაწერდნენ საჩივარს, საჩივარი კი არ დაწერილა“, – განაცხადა აბრამიძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.