ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა გუნდის შესაძლო ტრანსფერებზე საუბრისას განაცხადა, რომ კოროვირუსის პანდემია მოთამაშეთა სატრანსფერო ფასებზე საგრძნობლად აისახება. მაგრამ ნიდერლანდური კლუბი დათმობას არ აპირებს.
„ჩვენს რამდენიმე წამყვან მოთამაშეს შევუთანხმდით, რომ კიდევ ერთი სეზონით დარჩებიან. მერე კი მათ საკითხს ხელახლა განვიხილავთ. მაგრამ 50 პროცენტიანი ფასდაკლება არ იქნება. ეს ყველამ უნდა დაივიწყოს. მიუნხენის „ბაიერნის“ მსგავსი გრანდები იმედოვნებენ, რომ მოთამაშეთა ფასები მომდევნო სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში შემცირდება. ეს გრანდებისთვის ადვილი სათქმელია, რადგან ისინი ფეხბურთელების მყიდველები არიან და არა გამყიდველები“ – ამბობს ედვინ ვან დერ სარი.
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა მეკარემ ამავე დროს აღნიშნა, რომ ტრანსფერებში უზარმაზარ თანხებს ვეღარავინ გადაიხდის: „ტრანსფერებში 150-200 მილიონი ევროს აღარავინ გადაიხდის. მაგრამ მიმაჩნია, რომ „აიაქსს“ ფეხბურთელების გაშვებით დიდი თანხის ფულის შოვნა მაინც შეუძლია. ჩვენი მოთამაშეები კარგად მომზადებულები არიან, გამარჯვების გამოცდილება გააჩნიათ და ევროპულ ფეხბურთში თავის როლს უკვე თამაშობენ“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმაკტმა“ მოთამაშეთა პირობითი სატრანსფერო შეფასება 20 პროცენტით შეამცირა.