ვალუტის კურსის ცვლილების ნეგატიური ეფექტის გამო, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მოგება 27 პროცენტით შემცირდა
ვალუტის კურსის ცვლილების ნეგატიური ეფექტის გამო, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მოგება 27 პროცენტით შემცირდა

2018 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება შემცირდა 27 პროცენტით 2017 წელთან შედარებით და 161,3 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც კორპორაციაში აცხადებენ, შემცირების ძირითადი მიზეზი კურსის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტია. კორპორაციის ინფორმაციით, წმინდა მოგება 2018 წელს 2016 წელთან შედარებით 2,1-ჯერ გაიზარდა (83.3 მლნ. ლარით).

“2018 წლის საოპერაციო მოგებამ შეადგინა 163,3 მლნ. ლარი, რაც 2017 წლის მონაცემებზე 21 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის მონაცემებზე 9 პროცენტით მეტია. 2018 წელს კორპორაციის ჯამური აქტივები 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 33 მილიონი ლარით და შეადგინა 1,693 მლნ ლარი.

2018 წლის ანგარიშგების მიხედვით წმინდა ფულადი ნაკადების მოცულობამ საოპერაციო საქმიანობიდან შეადგინა 218,3 მლნ ლარი (2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 231,9 მლნ ლარს, ხოლო 2016 წელს – 159,1 მლნ ლარს ).

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ მოახდინა შემოსავლების დივერსიფიცირება. აღსანიშნავია აგრეთვე რომ 2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა გარდაბანის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება 2019 წლის შემოდგომაზე“, – ნათქვამია კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორპორაციის ჯამური შემოსავალი 2018 წელს შემცირდა 7 პროცენტით  და შეადგინა 623,8 მლნ ლარი, ანალოგიური მაჩვენებელი 2017 წელს იყო 671,6 მლნ ლარი.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ – KPMG, რომლის დასკვნის მიხედვით კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

დატოვე კომენტარი