ვალუტის გადამცვლელ 36 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა
ვალუტის გადამცვლელ 36 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევების გამო, 36 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დარღვევები ძირითადად დაფიქსირდა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების გამო, მათ შორის, ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობის, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენების თაობაზე.

მათივე, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.