ვალერი ზალუჟნი – ნატო-ს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ახალ სტანდარტებზე გადავიდეს, ალიანსმა გულახდილად თქვას, მზად არიან თუ არა რუსეთთან საბრძოლველად უკრაინის გამოცდილების გარეშე?
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა და აღნიშნა, რომ ალიანსის მომხრეა, თუმცა თავად ბლოკმა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს.
„თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელმაც 2019 წელს საკუთარი ხელით და გონებით სრულად შეიმუშავა რეფორმა და ცვლილებები თითქმის 37 საკანონმდებლო აქტში, რომელიც უკრაინის სტრატეგიული დონის მართვის სისტემის ნატო-ს პრინციპებსა და სტანდარტებზე გადასვლას შეეხებოდა. იმდენი მტერი შევიძინე, წარმოდგენაც არ გაქვთ. ნატო-ს მომხრე ვარ“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.
მისივე თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ნატო-სთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩნდება.
„მიმდინარეობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი. 2026 წელს უკრაინამ გამოიყენა შეიარაღების თითქმის ყველა სახეობა, გარდა ალბათ „ტომაჰავკებისა“, ბირთვული იარაღისა და F-35-ებისა, რომლებიც ნატო-ს არსენალშია. რესურსი ამოწურულია. რუსეთმა ამ ყველაფრის საწინააღმდეგო საშუალებები იპოვა“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, ნატო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ დოქტრინას მისდევს, უკრაინა კი ტექნოლოგიურად გაცილებით წინ არის.
„სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და მიმდინარე ომმა უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულიად ახალ დონეზე გაიყვანა. ახლა ნატო-ს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სრულიად ახალ სტანდარტებზე გადავიდეს, რათა ახალ დოქტრინას მიაღწიოს. სწორედ მაშინ იქნება ნატო მზად უკრაინის გასაწევრიანებლად. უკვე ვთქვი, ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი უსაფრთხოების ბლოკი, სავარაუდოდ, ევროპასთან ტერიტორიული კავშირით. სრულიად ახალი“, – აღნიშნა ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.
ამასთან, ვალერი ზალუჟანის განცხადებით, რეგულარულად ესწრება დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ნატო-ს წვრთნებს, რადგან ისინი ალიანსის საბრძოლო მოქმედებების ხედვის კულტურასა და ფილოსოფიას ასახავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს ბლოკი უნდა შეიცვალოს, რათა თანამედროვე საფრთხეებს შეესაბამებოდეს.
„უკრაინა რუსეთთან იბრძვის, ნატო-ს წევრობის გარეშე. ნატო-მ გულახდილად თქვას, მზად არიან თუ არა რუსეთთან საბრძოლველად უკრაინის გამოცდილების გარეშე?“ – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა: „ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, უკრაინა ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში“.