ვალერი ზალუჟნი გენერალ მარკ მილის შეხვდა
ვალერი ზალუჟნი გენერალ მარკ მილის შეხვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი ვალერი ზალუჟნი ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ პირველად გაემგზავრა. ზალუჟნი პოლონეთში ჩავიდა, სადაც აშშ-ის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის უფროსს, გენერალ მარკ მილის შეხვდა.

„დღეს პოლონეთში გაიმართა ჩემი პირველი პირისპირ შეხვედრა გენერალ მარკ მილისთან. მადლობა გადავუხადე მას აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაწეული მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა.

ზალუჟნის თქმით, შეხვედრაზე მან დაასახელა საჭიროებები, რომლებიც უკრაინის გამარჯვებას დააჩქარებს.

ზალუჟნისა და მილის შეხვედრის კონკრეტული ადგილი არ დასახელებულა. ცნობილია, რომ სამხედრო მაღალჩინოსნები უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან ახლოს შეხვდნენ ერთმანეთს.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. როგორც ვაშინგტონში, მარკ მილის პრესსპიკერმა განაცხადა, ორივე გენერალი მიიჩნევდა, რომ პირისპირ შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მარკ მილისა და ვალერი ზალუჟნის მოლაპარაკება წინ უსწრებს 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების შეხვედრას, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანიც დაესწრება.