ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანთან შეხვედრას ვერ დაესწრო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ დასწრების სურვილი თავად ელჩს უნდა გამოეთქვა
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვალერი ზალუჟნის გუნდის განცხადებით, მას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მიეცა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი საწინააღმდეგოს აცხადებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე დასწრების სურვილი თავად ელჩს უნდა გამოეჩინა.
უკრაინული მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის უკრაინაში ვიზიტის შესახებ 4 აგვისტოს გახდა ცნობილი. როგორც მედია აღნიშნავს, ფოტო და ვიდეომასალით ირკვევა, რომ შეხვედრას უკრაინაში ბრიტანეთის ელჩი ესწრებოდა, თუმცა არ ჩანს ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი.
„ევროპეისკაია პრავდასთან“ საუბარში ზალუჟნის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ვალერი ზალუჟნი მოწვეული არ ყოფილა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის დონეზე დაბალი რანგის ვიზიტების დროს მონაწილეობა ელჩის პირადი ინიციატივის საკითხია. მისივე თქმით, მრავალწლიანი დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად, პრეზიდენტთან ან პრემიერთან შეხვედრას ელჩი თითქმის ყოველთვის ესწრება, ხოლო უფრო დაბალი დონის ვიზიტების დროს გადაწყვეტილებას თითოეული ელჩი დამოუკიდებლად იღებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ზალუჟნიმ შეხვედრის შესახებ მისი დასრულების შემდეგ შეიტყო.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა: „ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ გავწევრიანდებოდით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში“.