ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაციისას რუსეთმა არა მხოლოდ ხელი შეუშალა ტაქტიკური გარღვევის ოპერატიულ წარმატებად გადაქცევას, არამედ საკუთარი ტაქტიკური წინსვლაც განახორციელა
ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაციისას რუსეთმა არა მხოლოდ ხელი შეუშალა ტაქტიკური გარღვევის ოპერატიულ წარმატებად გადაქცევას, არამედ საკუთარი ტაქტიკური წინსვლაც განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის კურსკის ოლქის ოპერაციისთვის გაღებული ფასი ძალიან მაღალია.

ვალერი ზალუჟნიმ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტს 2021 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა, ამის შესახებ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ასეთი ქმედებები, თუ გამართლებულია ადამიანური დანაკარგებით და შეზღუდული მიზნებით, შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე იზოლირებული ტაქტიკური გარღვევა თავდამსხმელ მხარეს საჭირო წარმატებას არ მოუტანს. რუსეთის ძალებმა შეძლეს ესარგებლათ როგორც ტექნოლოგიური, ასევე ტაქტიკური უპირატესობებით და დროთა განმავლობაში არა მხოლოდ ხელი შეუშალეს ტაქტიკური გარღვევის ოპერატიულ წარმატებად გადაქცევას, არამედ შემდგომში განახორციელეს საკუთარი ტაქტიკური წინსვლაც – ასევე ოპერატიული წარმატების გარეშე“, – განაცხადა ზალუჟინმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან არ იცის კურსკის ოპერაციის ღირებულება.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელმა მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ კომენტარი გააკეთა კურსკის ოპერაციის შედეგებზე. მან განმარტა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო მტრის ტერიტორიაზე რაც შეიძლება შორს წინსვლა და ამ ტერიტორიების შენარჩუნება. მან ასევე აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონში ბრძოლების დროს რუსებმა 80 000 ადამიანი დაკარგეს.