ვალერი გელბახიანი - ჩვენი პარტიის ერთ-ერთი პრინციპი იქნება, რომ ყველა ვიქნებით ერთმანეთის მხარდამჭერი ყველა გასაჭირში
ჩვენი პარტია არ იქნება ერთი ლიდერის, იქნება თანასწორობის პრინციპზე აგებული პარტია, – ამის შესახებ ვალერი გელბახიანმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, პარტიის მუშაობის კიდევ ერთი პრინციპი იქნება ის, რომ ყველა ერთმანეთს დაუჭერს მხარს ყველა გასაჭირში.
„ახლა ვმუშაობ პროექტებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. აგრეთვე, სახელმწიფოებრივ, სტრუქტურული შემადგენლობას ელემენტების დაბალანსებაზე, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს ესაჭიროება. პირველ რიგში ორიენტაცია გვექნება აგრომიმართულებით. თქვენ მოისმენთ ძალიან ნოვაციურ პროექტებს. ვაპირებთ რეგიონებში და სოფელ-სოფელ სიარულს და ჩვენი პროექტების გაცნობას“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
კითხვაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ მათ ახალ პარტიას სკეპტიკურად უყურებენ, გელბახიანმა უპასუხა: „ქართული ოცნება“ ცინიკოსია. მე-17 წელია, პოლიტიკურ პროცესს გამოთიშული ვარ, უფრო სწორედ 17 წელია არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ. 2007 წლიდან საერთოდ ჩამოშორებული ვარ პოლიტიკას და მეც ვფიქრობდი, რომ შეიძლება, სხვა თაობა მოვიდეს, სხვებმა უნდა გააგრძელონ, მაგრამ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის დანაშაული. რას იტყვის დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. დამნაშავის პრეტენზიებს ვერ მოვისმენ და ვერც მათ ცინიკურ დამოკიდებულებას“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე „დრუპი“ და სხვები.