ვალერი გელაშვილი პროკურატურას მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
ვალერი გელაშვილი პროკურატურას მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი პროკურატურას მიმართავს. როგორც ვალერი გელაშვილმა, მისი ადვოკატთან, კახა კოჟორიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წლების წინ, წინა ხელისუფლების მიერ მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის გამოძიება ამ დრომდე არ მომხდარა.

ვალერი გელაშვილის ადვოკატის განმარტებით, ყოფილი დეპუტატი ფოთის გემთსაშენს ფლობდა და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების გამო, მისი ქონების გასხვისება მოხდა. აღნიშნული საწარმოს აქციები ვალერი გელაშვილმა 2004 წელს შეიძინა.

მისივე თქმით, სხვა პარტნიორებთან და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, იგეგმებოდა ქარხნის მოდერნიზაცია. ვალერი გელაშვილის ინტერესების დამცველის განმარტებით, გელაშვილი ქარხნის მახვილი აქციონერი იყო და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის პირად მტრად იყო გამოცხადებული.

„ამ უნიკალური საწარმოს განადგურება სურდათ და ეს მიზანი მიღწეულია. ეს საწარმო ფუნქციონირებდა წარმატებით და არაერთი გემი აქვს აშენებული. ვალერი გელაშვილმა ამ ქარხნის პოტენციალი შეისწავლა. ამ მიზნით 2004 წელს შეიძინა ხუთი მილიონის აქცია. ინვესტიცია განახორციელა. მოიწვიეს უცხოელი ინვესტორები, გემთმშენებლები, რომ მთელი რიგი სამუშაოები დაწყებულიყო. მაგრამ 2005 წელს, როდესაც ბატონი ვალერი პრეზიდენტის მტრად გამოცხადდა, დაიწყო ამ საწარმოს მიმართ გამოძიება. უკანონოდ მიეცა რამდენიმე პირი პასუხისგებაში. ყველა აქციას უკანონოდ დაედო ყადაღა. 2004 წელს სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, რომ ინვესტორების მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა და მორიგების აქტიც არსებობდა. 2005 წელს ვითომ შესწავლა დაიწყო მთავარმა პროკურატურამ და ამ ყველაფრის ფონზე, უცხოელ ინვესტორებსაც გაუჩნდათ შიში და ფაქტობრივად გაიქცნენ ქვეყნიდან. ამის შემდეგ ნავმისადგომიც გაასხვისა ხელისუფლებამ. კიდევ ერთხელ მივმართავთ პროკურატურას გამოძიების მიზნით, ახალ არგუმენტებს და ფაქტებს წარმოვადგენთ“, – განაცხადა კოჟორიძემ.