ვალერი გელაშვილი – ადამკუსი, ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდა სააკაშვილს და გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოჰკიდებ და ვეღარ გაპატიებო
ადამკუსი, ლიეტუვის პრეზიდენტი რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოჰკიდებ და ვეღარ გაპატიებო, მისი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და იძულებული ვარ, რეაგირება მოვახდინოთო, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ვალერი გელაშვილის თქმით, ამის გამო აღარ ეხებოდა სააკაშვილი და დაცვა დაუნიშნა.
„ჩამოვედი თუ არა, სააკაშვილი იძულებული იყო და იმ დღესვე პირადი დაცვა დამინიშნა, მაინც პარლამენტის წევრი ვიყავი. ვმოძრაობდი ჩვეულებრივად, უბრალოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან მითხრეს, ბევრი არაფერი ილაპარაკო მიშაზე, თორემ იძულებულს გაგვხდის, კიდევ რაღაც გავაკეთოთო, წყნარად იყავიო. ახალი დაცვა ავიყვანე, რომელიც შევარდნაძის ყოფილი დაცვის წევრი იყო. მას მეგობრები ჰყავდა უსაფრთხოების სამსახურში და გადასცეს, გთხოვთ, თავშეკავებულად მოიქეცით, თორემ კიდევ გვიბრძანებს და იძულებული ვიქნებით, გავაკეთოთო. ადამკუსი, ლიეტუვის პრეზიდენტი რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოჰკიდებ და ვეღარ გაპატიებო. მე ოჯახი ლიეტუვიდან მყავს. გააფრთხილა, რომ გელაშვილს თუ შეეხები, მისი ოჯახის წევრები ლიეტუვის მოქალაქეები არიან და იძულებული ვარ, რეაგირება მოვახდინოთო. მგონი, ამის გამო აღარ მეხებოდა სააკაშვილი და დამინიშნა დაცვა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.