ვალენტინა მატვიენკო – რუსეთმა, შესაძლოა, საკუთარ ტურისტებს ურჩიოს, არ იმოგზაურონ სომხეთში რუსი მოქალაქეების დაკავებების გამო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცეს, თავი შეიკავონ სომხეთში მოგზაურობისგან, თუ რესპუბლიკაში მესამე ქვეყნების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების დაკავების პრაქტიკა გაგრძელდება.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მატვიენკომ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რუბენ რუბინიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მატვიენკომ ყურადღება გაამახვილა „სომხეთში მესამე ქვეყნების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების სისტემატურ დაკავებებზე“.
„მსგავსი პრაქტიკა თუ გაგრძელდება, რუსეთი იძულებული იქნება, საკუთარ ტურისტებს სომხეთის რესპუბლიკაში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მისცეს“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში.