„ვალენსიას“ წაგების მიუხედავად, მამარდაშვილი „ვილიარეალთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა, მაგრამ წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მეკარე დაასახელეს.


გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა „კიპერმა“ ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრის მე-13 წუთზე გუნდი სამმაგი სეივით გადაარჩინა. 39-ე წუთზე კი ალექს ბაენამ შესრულებული პენალტი მოიგერია და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

გიორგის საქმე არც მეორე ტაიმში აკლდა – 52-ე წუთზე ჯერ ახლოდან სანტი კომესანას აუღო, შემდეგ კი ალექსანდერ სორლოტის სახიფათო გადაცემას გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტის გათამაშების შემდეგ კიდევ ერთ დარტყმას გადაეღობა, მაგრამ თანაგუნდელი დაეცა, წამოდგომა ვერ შეძლო და ხორხე კუენკამ ანგარიში მაინც გახსნა.

„ვალენსია“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, საგოლე მომენტებიც შექმნა. მე-80 წუთზე კი „ვილიარეალის“ მორიგი მწვავე შეტევის შემდეგ კარში ძალიან სახიფათოდ დაარტყა ხერარდ მორენომ, მამარდაშვილმა კი შესანიშნავი რეაქცია და კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა.

„ვალენსიამ“ გათანაბრება ვეღარ შეძლო, 29 ტურის შემდეგ (40 ქულა) მერვე ადგილზეა და ევროზონას 6 ქულით ჩამორჩება.