ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრას კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს გიორგი მამარდაშვილი – ქართველის „ლივერპულმა“ ქალაქის დერბიში „ევერტონს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნი“ „ქინგდაოს“ ესტუმრა და მატჩი 2:2 დაასრულა. ასე დასრულდა ქართველი შემტევის შთამბეჭდავი სერია – ვაკო 7 შეხვედრა მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებდა. ამჯერად კი საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
უკრაინის პრემიერლიგაში ქართველების დაპირისპირება შედგა – ზურაბ რუხაძისა და ნიკა გაგნიძის კოვალივკას „კოლოსმა“ გიორგი კუციას რივნოს „ვერესთან“ ქულები გაინაწილა – 0:0. ძირითად შემადგენლობაში გაგნიძემ და კუციამ ითამაშეს, ხოლო „კოლოსში“ ახალწვეული რუხაძის დებიუტი გადაიდო.
ლუკა ხარატიშვილი ახლახან გადავიდა ჩეხეთის მთავარი დივიზიონის „პარდუბიცეში“ და „სლოვაცკოსთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში გუნდის განაცხადში მოხვდა, მაგრამ ჯერ არ უთამაშია – ახალაგზრდული ნაკრების ყოფილი მეკარის დებიუტი გადაიდო.
ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ გასვლაზე „კარვინა“ 2:0 დაამარცხა. გამოცდილმა ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა. ხოლო ზვიად ნაჭყებიამ 56 წუთი ჩაატარა „ზლინში“, რომელმაც შინ „ჰრადეც კრალოვესთან“ 1:2 წააგო.